
მოუსმინე აუდიო ვერსიას
ბაბი 7 წლის გოგონაა. მას ძალიან უყვარს ძერწვა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა, სასრიალოზე სრიალი და მოთხრობების მოსმენა. ბაბი ვერ ხედავს, ის უსინათლოა.
1.



ერთ დღეს, როდესაც ბაბი თავისი საყვარელი თოჯინათი თამაშობდა, მშობლებმა უთხრეს, რომ ექიმთან უნდა წასულიყვნენ მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მისაღებად.
2.

ბაბიმ პირველად მოისმინა ეს უცნაური სიტყვები და იკითხა:
– რას ნიშნავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“?
– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის ადამიანი, რომელიც განსხვავდება სხვებისგან, მაგალითად, იმით, რომ ვერ ხედავს, ან ვერ დადის, ან უჭირს ამბების დამახსოვრება. ხშირად მას ექმნება სირთულეები სხვადასხვა საქმიანობის დროს – თამაშისას, სწავლისას, ჩაცმისას, დაბანისას. ასევე, ზოგჯერ, გარემოც უქმნის ადამიანს სირთულეებს, – აუხსნა მამამ ბაბის.
3.


– გარემომ როგორ უნდა შეუქმნას ადამიანს სირთულეები? – დაინტერესდა ბაბი.
– გარემო ქმნის სირთულეებს, თუ სკვერი, სკოლა, ქუჩა, შენობა ისე არ არის მოწყობილი, რომ ადამიანმა თავისუფლად შეძლოს თამაში, სწავლა ან გადაადგილება. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ვერ დადის, როგორ უნდა მოხვდეს მეხუთე სართულზე, თუკი სახლს არ აქვს ლიფტი? ეს ხომ ძალიან რთული იქნება? ან თუკი ქუჩაში არ არის ხმოვანი შუქნიშანი, შენც ხომ იცი, რა რთულია უსინათლოსთვის გზაზე უსაფრთხოდ გადასვლა?
ბაბიმ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად.
4.





– ასევე, სხვა ადამიანების დამოკიდებულებებიც ქმნის ზოგჯერ სირთულეებს, – ჩაერთო საუბარში დედა. მაგალითად, ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ადამიანი განსხვავებულია, მას არ შეუძლია სხვებთან ერთად ან სხვების მსგავსი საქმიანობების კეთება.
5.
– ანუ რადგან მე განსხვავებული ვარ და გარემოც არ არის მოწყობილი, ამიტომ ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი? – იკითხა მოწყენილი სახით ბაბიმ.
– რატომ მოიწყინე? – ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები გვაქვს, – უპასუხა ალერსიანად დედამ.
ბაბიმ გაკვირვებულმა ჰკითხა დედას:
– თუ ისედაც ყველანი განსხვავებულები ვართ, მაშინ რა საჭიროა ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი? რატომ უნდა ჰქონდეს ის ვინმეს ან რატომ უნდა მქონდეს მე?
6.

იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ეხმარება ადამიანს, მიიღოს ის მხარდაჭერა, რომელიც მისთვის აუცილებელია. ზოგს ენისა და მეტყველების თერაპევტის ან ფიზიკური თერაპევტის მხარდაჭერა სჭირდება; ზოგს - თანხა სამედიცინო ან სხვა დამატებითი საჭიროებებისთვის, რაც მის შეზღუდულ შესაძლებლობას უკავშირდება. აი, მაგალითად, ჩვენს მეზობელ დუდუს რადგან ფეხით სიარული არ შეუძლია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დაეხმარა სავარძელ-ეტლის მიღებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ნიშნავს, რომ ადამიანს ესაჭიროება სხვებისგან განსხვავებული, დამატებითი მხარდაჭერა. მაგალითად, როგორც შენ გესაჭიროება გადაადგილებისთვის თეთრი ხელჯოხი და სკოლაში ტაქტილური ბილიკი, რომელსაც შეხებით იგრძნობ და კლასამდე დამოუკიდებლად მისვლას შეძლებ, – განუმარტა დედამ.
7.


ბაბიმ ყურადღებით მოისმინა და დათანხმდა მშობლებს ექიმთან ვიზიტზე. შემდეგ შეუტრიალდა თავის თოჯინას და უთხრა:
- გაიგე, რისთვის ყოფილა საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი?
8.



მეორე დღეს, ბაბი და მშობლები ერთად წავიდნენ ექიმთან. ექიმი სასიამოვნო ხმის მქონე ქალი იყო.
ექიმი მიესალმა ბაბის და მშობლებს, დაათვალიერა ბაბის სამედიცინო საბუთები, რომლებიც მშობლებს თან ჰქონდათ; შემდეგ დაუსვა ბაბის კითხვები მისი ყოველდღიური საქმიანობების შესახებ. ექიმს აინტერესებდა, რისი კეთება ახალისებდა ბაბის, რა უყვარდა, რა გამოსდიოდა განსაკუთრებულად კარგად და რაში სჭირდებოდა დახმარება.
9.





ბაბი მოუყვა ექიმს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა თოჯინათი თამაში, კლასელებთან ერთად გართობა და სკოლაში სიარული იყო. ასევე, მან ექიმს უამბო, რომ სკოლაში იგი ხან დედას და ხან მამას დაჰყავდა, ხოლო კლასიდან კლასში გადასვლის დროს ხან თანაკლასელი და ხან მასწავლებელი ეხმარებოდა. ბაბიმ უთხრა ექიმს, რომ ტაქტილური ბილიკი სურდა, რომლითაც კლასიდან კლასამდე დამოუკიდებლად გადავიდოდა.
10.

– თქვენ ფიქრობთ, რომ მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მჭირდება? – ჰკითხა ბაბიმ ექიმს.
– ამის გასარკვევად, სხვა სპეციალისტებსაც უნდა შევხვდეთ, რომ მეტი გავიგოთ შენ შესახებ. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ახერხებ საკუთარი თავის მოვლას, ჩაცმას, ბანაობას, სწავლასა და თამაშს. იმისათვის, რომ თავისუფლად შეძლო შენთვის საინტერესო საქმიანობების შესრულება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი კეთება გიჭირს და რა მხარდაჭერა გჭირდება, – აუხსნა ექიმმა ბაბის.
– მაგრამ ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? – დაინტერესდა ექიმი, როდესაც შეამჩნია ბაბის მოწყენილი სახე.
– თუ მე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი მექნება და ჩემს კლასში სხვას არავის ექნება, ხომ არ დამცინებენ? – ჩაიჩურჩულა ბაბიმ.
– რა თქმა უნდა, არა, ბაბი, ჩვენ ხომ ყველანი განსხვავებულები ვართ, მე სათვალეს ვატარებ, ზოგი სავარძელ-ეტლით გადაადგილდება, ზოგი ჟესტურ ენას იყენებს საუბრისთვის და ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის განსხვავებულობას. მოდი, იმისათვის, რომ ბავშვებსაც ავუხსნათ ეს ყველაფერი, ყველამ ერთად მოვიფიქროთ რაიმე საინტერესო ამბავი, – თქვა ექიმმა და მშობლებს გახედა.
11.



– მოვიფიქროთ, – სწრაფად დათანხმდნენ მშობლები.
– კარგი, მოვიფიქროთ, – გაუხარდა ბაბის და მის სახეზე ღიმილი გამოჩნდა; შეიძლება ჩემს რომელიმე კლასელსაც სჭირდებოდეს დამატებითი მხარდაჭერა და ეცოდინება, თუ როგორ მიიღოს ის. ყველას ხომ განსხვავებული შესაძლებლობები და საჭიროებები გვაქვს, ჩვენ ხომ ყველანი განსხვავებულები ვართ – და არა მხოლოდ მე.

12.
